ეძღვნება შენს ხსოვნას! (ძველი ჩანაწერი)


2014 წლის პერიოდის მერე, ყველაზე ძლიერად დღეს ვგრძნობ თავს და შევძელი, რომ ეს  ძველი  ნაწერიც გავუშვა.
                                                                                  ****
                                            ისედაც ბევრი რამის თქმა დაგაკელი...
                                გეძღვნება ყველა თბილი სიტყვა დღეს მხოლოდ შენ...
                                                              2014 წლის 23 აპრილი    (40) 
40 დღეა არ დაგირეკავს! ჩემ ცხოვრებაში ეს პირველი 40 უწყვეტი დღეა შენი ხმის გაგონების გარეშეშენ არ იცი, მე რამდენჯერ ავიღე ყურმილი შენთვის დასარეკად! არა, იმიტომ, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, არამედ ჩემი გონების არცერთ უჯრედს, სხეულის არცერთ მოლეკულას ამის დაჯერება არ სურს და არც შეუძლია.
იცი? ჩემი ბავშვობის პირველ მოგონებას შენით ვიწყებ!
იცი? შენი რჩევა მახსოვს სულ პირველი!
იცი...შენ მასწავლე დაწყებული  არითმეტიკიდანგაგრძელებული ადამიანების სიყვარულით! დაწყებულის-თქმა რა მარტივია ჩემთვის, დასრულებულს კი ვერ ვწერ, რადგან შენთან ერთად ჩემი ნაწილები იშლება.
გითხარი ერთხელ, არასდროს არაფერს ვნანობთქო და ახლა მინდა გითხრა, რომ სრულად უშენობის ყველა წამში...გნანობ! მენანება შენთან ერთად, რომ შემეძლო ეს დრო გამეტარებინა და მე რას აღარ ვიმიზეზებდი! ახლა ვხვდები ყველაფერი დაიცდიდა შენს გარდა!
ადრე ვფიქრობდი 60 წელი ბევრიათქო და ახლა კი შენი, 83 ჩემთვის 13-საც არ ნიშნავსშენ 83-ამ ჩემი ფუძე, სულის ნაწილი წაიღე. არ ვიცნობ ადამიანს, გიცნობდეს და უშენობა არ ტკიოდეს! არ ვიცნობ ადამიანს გეწყენინებინოს! ცარიელი სიყვარული დადიოდი...მხოლოდ სიყვარული..არავინ შეგიწუხებია! არავისთვის არაფერი გითხოვია! ესეთი როგორ იყავი?!
ვიხსენებ საკვების საყიდლად სახლიდან შორს წასულხარ. შემთხვევით შეგხვდი...გიყურებდი და მტკიოდა, რომ ჯოხი გეჭირა. ჩემი ყველაზე დიდი ენერგიის ბირთვი დაღლილი ჩანდი. ეს 2 თვის წინ იყო და მაშინ პირველად ვიფიქრე ოდნავ ასაკშია-თქო. ჩაგეხუტე, გისაყვედურე ვინმესთვის გეთქვა მოგიტანდი-თქო! „ვინმეს შეგაწუხებდითო?! გამოვისეირნე, არ იდარდოოსახლამდე მიგაცილებ-თქო!  „არა აგვიანებ, ჩემ გამო შენ საქმეს გაგაფუჭებინებო?!“ სულელმა თავი დავადე და შენ დაგტოვე...
მაპატიე!!!  ყოველი წუთი, რომელიც დაგაკელი მაპატიე! ჩემი წარმატებაც შენ, რომ გეამაყა ჩემით იმისთვის მინდოდაა!!
იცი შენც გაქვს 1 საპატიებელი ჩემდამი, მე კი შენნაირი დიდსულოვანი არ ვარ! ვერ გპატიობ უშენობას! მე უშენოდ მე არ ვარ.
მე ხომ გისრულებდი დანაპირებებს!
მიშა (მიხეილი) ხომ მოგწონდა, პირველივე დიალოგზე პრეზიდენტთან, „გამარჯობისნაცვლადბებიაჩემს უყვარხართქო!“ ვუთხარი...
ხომ გინდოდა, მაგისტრატურაზე ვყოფილიყავი...
ხომ დაგპირდი პოლონეთიდან დაბრუნებას...
როგორიც შენ მოგწონდა ისეთი სამსახურის დაწყებას...
ხომ არ გამითიშავს არასდროს ყურმილი პირველს..
მე ხომ ვცდილობდი და ახლა რა ვქნა?!
მაპატიე, ახლა სულ ერთია! შენთან ერთად ჩემი ვალდებულებები, ჩემი მიზნები არ ვიცი სად არის...ახლა მტკივა, ყველაფერი ერთად მტკივა, რადგან მე შენნაირი გულშემატკივარი აღარ მყავს.
ყველაფერს ავიტანტი...კარიერაში განარცხებენ? გულშემატკივრებისადმი რწმენას კი შეუძლია წამოგაყენოს, აგღადგინოს! მე კი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გულშემატკივარის გარეშე ვარ 40 დღე! ვინ ამაყენებს, დღეს  რომ წავიქცე?!
პირველი აღდგომა საქართველოში უშენოდ...
პირველი თამარობა იქნება უშენოდ...
რთველი, დაბადების დღეები...უშენოდ...
1 იანვარს ხომ შენ დაიბადე ახალ წელთან ერთად და ახლა ახალი წლები უშენოდ?! გახსოვს? „გილოცავ ახალ წელს დღაბა - დღების დღეზე“...
ბავშვობა დასრულდა უშენოდ.
40...ჩემი პირველი 40 დღე დედამიწაზე უშენოდ?! მიყვარხარ სიგიჟემდე! მიყვარხარ და მეამაყები! მიყვარხარ...
შენი თაკო ან თათო არა,
შენი თამარი!
მადლობა ყველაფრისთვის,
ნათელში იყოს შენი ხსოვნა, უფალს ებარებოდე...

15.03.2014-23.04.2014

Comments

Popular posts from this blog

ფსიქოსომატიკის ტაბულა

მე, რომ მცოდნოდა